დღის ცენტრი
სრულფასოვანი და კომპლექსური მკურნალობა ყოველდღიური ცხოვრების პარალელურად
ერთიანი გუნდის ზრუნვა მშვიდ და მხარდამჭერ გარემოში
დღის ცენტრი (დღის სტაციონარი) მკურნალობის ფორმაა, რომლის დროსაც დღის განმავლობაში კლინიკაში ხართ, საღამოს კი შინ ბრუნდებით.
დღის განმავლობაში ერთ ადგილას იღებთ იმას, რისთვისაც ჩვეულებრივ კვირები და რამდენიმე ვიზიტია საჭირო: ექიმის კონსულტაციას, მედიკამენტურ მკურნალობას, ფსიქოლოგიურ კვლევას, ფსიქოთერაპიასა და ჯგუფურ მუშაობას.
რა არის დღის ცენტრი?
დღის ცენტრში მკურნალობის ყველა ეტაპს ერთ ადგილას გადიხართ, ერთი გუნდის მეთვალყურეობით: ექიმი ყოველდღე გნახულობთ, ფსიქოლოგი კვლევას ატარებს, ფსიქოთერაპევტი თქვენთან ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობს.
კვლევების მიხედვით, მწვავე მდგომარეობის დროს დღის სტაციონარი ისეთივე ეფექტიანია, როგორც საავადმყოფოში მკურნალობა.1,2 თანაც ოჯახსა და ჩვეულ გარემოს არ წყდებით.2
რატომ დღის ცენტრი?
მეტი სპეციალისტი, ნაკლები ლოდინი
ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი თქვენს მდგომარეობას ერთსა და იმავე დღეებში აფასებენ, ამიტომ დიაგნოზი უფრო სრულია და უფრო მალე ზუსტდება.
ყოველდღიური დაკვირვება და მედიკამენტური მკურნალობა
ექიმი ყოველდღე გნახულობთ. თუ წამალი არ გიხდებათ ან დოზა შესაცვლელია, მომდევნო ვიზიტამდე კვირობით ლოდინი არ გჭირდებათ.
ფსიქოლოგიური კვლევა და ფსიქოთერაპია
ფსიქოდიაგნოსტიკა და ტესტირება, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია რამდენიმე მიმართულებით.
გუნდური გადაწყვეტილება
გუნდი ყოველდღე იკრიბება და თქვენი მკურნალობის შემდგომ ნაბიჯებს ათანხმებს. კვირაში ერთხელ იმართება გაფართოებული კონსილიუმი პროფესორ გუგა სიხარულიძის ხელმძღვანელობით.
ვისთვის არის?
დღის ცენტრი შეიძლება დაგეხმაროთ, თუ:
- წინა მკურნალობას შედეგი არ მოჰყვა ან შედეგი მხოლოდ ნაწილობრივი იყო;
- წამლის გეშინიათ ან წამალს ცუდად იტანთ და ამბულატორიულად ამის დაძლევა ვერ მოხერხდა;
- ერთდროულად რამდენიმე პრობლემა გაწუხებთ;
- დიაგნოზი რთული დასადგენია ან ექიმებმა სხვადასხვა დიაგნოზი დაგისვეს და დაზუსტებაა საჭირო;
- მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა გაქვთ, თქვენთვის ან სხვებისთვის საფრთხე არ არსებობს და თქვენი თანხმობით მკურნალობა დღის ცენტრში შესაძლებელია;
- სწრაფი და ინტენსიური დახმარება გჭირდებათ, საავადმყოფოში დაწოლა კი არ გსურთ;
- დამოკიდებულების მკურნალობას იწყებთ და პირველ ეტაპზე სწრაფი, კომპლექსური დახმარება გჭირდებათ.
დღის ცენტრში დაგხვდებათ
- კომფორტული და უსაფრთხო გარემო;
- პროფესიონალთა გუნდი მრავალწლიანი, მათ შორის საერთაშორისო, გამოცდილებით;
- მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები;
- თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი;
- შეკრებისა და დასვენების სივრცეები განტვირთვისა და ურთიერთობისთვის.
კადრები კლინიკის ვიდეოდან „დღის ცენტრი“. ნახეთ ვიდეო · კლინიკის YouTube-არხი
რა უნდა იცოდეთ
- მკურნალობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ.
- გარემო ღიაა: ეს არ არის დახურული განყოფილება.
- ყოველ საღამოს შინ ბრუნდებით.
- თქვენ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია; ოჯახის წევრებს მხოლოდ თქვენი თანხმობით ვესაუბრებით.
- დამოკიდებულების გამომწვევ წამლებს, როგორც წესი, არ ვიყენებთ.
როდის არ არის დღის ცენტრი საკმარისი?
თუ ადამიანის სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და სადღეღამისო მეთვალყურეობაა საჭირო, დღის ცენტრი საკმარისი არ არის. ასეთ დროს ექიმი მკურნალობის სხვა ფორმას გირჩევთ.
გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
როგორ მოვხვდე?
- დაგვირეკეთ+995 32 2 440 550
- კონსულტაციაექიმთან ამბულატორიულ კონსულტაციას გაივლით.
- დაწყებამკურნალობა იწყება, როცა ექიმი დაადასტურებს, რომ დღის ცენტრი თქვენთვის შესაფერისია.
გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 11:00–16:30
კურსი: სულ მცირე 2 კვირა; საჭიროების შემთხვევაში 3 ან 4 კვირა
დაწვრილებით
ერთი დღე დღის ცენტრში
ვინ არის გუნდში?
ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, ასევე ჯგუფური თერაპიის, არტთერაპიისა და ფიზიკური თერაპიის სპეციალისტები.
დღის ცენტრის სპეციალისტები ყოველდღე იკრიბებიან და თქვენი მკურნალობის შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავენ. კვირაში ერთხელ იმართება გაფართოებული კონსილიუმი პროფესორ გუგა სიხარულიძის ხელმძღვანელობით.
ორგანიზებული გუნდური მუშაობა დეპრესიისა და შფოთვის დროს უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობა.5
ფსიქოლოგიური კვლევა
ფსიქოდიაგნოსტიკა ნიშნავს ფსიქიკური ფუნქციების (ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება) და ხასიათის თავისებურებების კვლევას. ნაწილს თავად ავსებთ (კითხვარები), ნაწილს სპეციალისტი ატარებს (კლინიკური ტესტირება და ინტერვიუ). შედეგები ექიმს ეხმარება დიაგნოზის დაზუსტებასა და მკურნალობის შერჩევაში.
ფსიქოთერაპია
- ინდივიდუალური ფსიქოთერაპია: კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT), დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია (DBT), გეშტალტთერაპია, სხეულზე ორიენტირებული თერაპია;
- ჯგუფური ფსიქოთერაპია;
- არტთერაპია;
- ექსპოზიციური თერაპია ვირტუალური რეალობით (VR), ექიმის დანიშნულებით;
- ფიზიკური თერაპია;
- ფსიქოგანათლება: ცოდნა საკუთარი მდგომარეობისა და მისი მართვის შესახებ;
- ფსიქოგანათლების შეხვედრები ოჯახის წევრებისთვის — კვირაში ერთხელ, მხოლოდ თქვენი თანხმობით.
დეპრესიის დროს წამლისა და ფსიქოთერაპიის შეთავსება უფრო ეფექტიანია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.3
მედიკამენტური მკურნალობა და მისი მორგება
წამლის შერჩევას დრო სჭირდება: ზოგჯერ ერთი საკმარისად არ მოქმედებს, მეორეს კი გვერდითი ეფექტი აქვს. დღის ცენტრში წამალს კლინიკაში იღებთ, ექიმი კი ყოველდღე აფასებს, როგორ მოქმედებს ის, და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას დროულად ცვლის. ზოგჯერ ექიმი ინტრავენურ ინფუზიას (გადასხმას) ნიშნავს.
დეპრესიის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმპტომების რეგულარული შეფასება და მკურნალობის დროული შესწორება მდგომარეობის გაუმჯობესებას აჩქარებს.4
ამბულატორია, დღის ცენტრი თუ საავადმყოფო?
| ამბულატორიული ვიზიტები | დღის ცენტრი | საავადმყოფოში დაწოლა |
|---|---|---|
| მდგომარეობა მსუბუქი ან სტაბილურია | ინტენსიური მკურნალობაა საჭირო, სადღეღამისო მეთვალყურეობა კი — არა | სადღეღამისო მეთვალყურეობა აუცილებელია |
ხშირი კითხვები
„დღის სტაციონარი“ ნიშნავს, რომ მძიმედ ვარ?
არა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უფრო ინტენსიური და კომპლექსურია, ვიდრე ცალკეული ვიზიტების დროს. ბევრი ადამიანი სწორედ იმისთვის მოდის, რომ დიაგნოზი დააზუსტოს ან შედეგს უფრო მალე მიაღწიოს.
ვინმე გაიგებს, რომ აქ ვმკურნალობ?
არა. ინფორმაცია კონფიდენციალურია; ოჯახის წევრებს მხოლოდ თქვენი თანხმობით ვესაუბრებით.
შემიძლია მუშაობა ან სწავლა გავაგრძელო?
დიახ, თუ სამუშაო ან სასწავლო საათები დღის ცენტრის გრაფიკს (11:00–16:30) არ ემთხვევა და თქვენი მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა.
რამდენ ხანს გრძელდება კურსი?
სულ მცირე 2 კვირას. საჭიროების შემთხვევაში კურსი 3 ან 4 კვირამდე გრძელდება. დღის ცენტრში ყოველდღე დადიხართ.
წყაროები
ეს გზამკვლევი ეყრდნობა Cochrane-ის სისტემატურ მიმოხილვებსა და რანდომიზებულ კვლევებს დღის სტაციონარის, კომბინირებული მკურნალობისა და გუნდური მუშაობის შესახებ.
სრული სია
- Marshall M, Crowther R, Sledge WH, Rathbone J, Soares-Weiser K. Day hospital versus admission for acute psychiatric disorders. Cochrane Database Syst Rev. 2011;2011(12):CD004026. PMID: 22161384. doi.org/10.1002/14651858.CD004026.pub2
- Kallert TW, Priebe S, McCabe R, et al. Are day hospitals effective for acutely ill psychiatric patients? A European multicenter randomized controlled trial. J Clin Psychiatry. 2007;68(2):278-287. PMID: 17335327. doi.org/10.4088/jcp.v68n0214
- Cuijpers P, Noma H, Karyotaki E, Vinkers CH, Cipriani A, Furukawa TA. A network meta-analysis of the effects of psychotherapies, pharmacotherapies and their combination in the treatment of adult depression. World Psychiatry. 2020;19(1):92-107. PMID: 31922679. doi.org/10.1002/wps.20701
- Guo T, Xiang YT, Xiao L, et al. Measurement-based care versus standard care for major depression: a randomized controlled trial with blind raters. Am J Psychiatry. 2015;172(10):1004-1013. PMID: 26315978. doi.org/10.1176/appi.ajp.2015.14050652
- Archer J, Bower P, Gilbody S, et al. Collaborative care for depression and anxiety problems. Cochrane Database Syst Rev. 2012;10(10):CD006525. PMID: 23076925. doi.org/10.1002/14651858.CD006525.pub2
ვერსია 1.0 · 2026 წლის ნოემბერი
კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია
- ტელეფონი: +995 32 2 440 550
- WhatsApp: +995 501 440 550
- ელფოსტა: info@mentalclinic.ge
- მისამართი: ტოგო გუდავას ქუჩა 4, 0186, თბილისი, საქართველო
- mentalclinic.ge/contacts/
გადაუდებელ შემთხვევაში — 112.