დეპერსონალიზაცია
დეპერსონალიზაცია
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
დეპერსონალიზაცია საკუთარი აზრებისგან, ემოციებისგან ან სხეულისგან განცალკევების შეგრძნებაა — თითქოს საკუთარ თავს გარედან აკვირდებით. დერეალიზაცია კი გარემოს არარეალურად აღქმის განცდას გულისხმობს. ასეთი შეგრძნება თავისთავად კონკრეტული დიაგნოზის დასადგენად საკმარისი არ არის. თუ ის მეორდება, დიდხანს გრძელდება ან ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს, მიმართეთ სპეციალისტს შეფასებისთვის.
ასეთი განცდების მიზეზი და მნიშვნელობა ინდივიდუალური შეფასებით უნდა გაირკვეს; მხოლოდ სხეულის უჩვეულო აღქმით დეპერსონალიზაციის დიაგნოზი ვერ დგინდება.
დეპერსონალიზაცია არის დისოციაციური სიმპტომი, რომლის დროსაც ინდივიდი გრძნობს განცალკევებას საკუთარ აზრებთან, ემოციებთან ან სხეულთან.
ეს ჰგავს საკუთარი თავის გვერდიდან ყურებას. ამ დროს შეიძლება დაგვეუფლოს განცდა, სადაც ჩვენი ქმედებები და გრძნობები უცხოდ აღიქმება.
დეპერსონალიზაციის სიმპტომები
- საკუთარი სხეულისგან განცალკევების განცდა - თქვენს სხეულს აკვირდებით გარედან, თითქოს საკუთარი ცხოვრების მაყურებელი ხართ.
- საკუთარი თავის არასწორი აღქმა - ვერ სცნობთ საკუთარ ანარეკლს, გრძნობთ, რომ თქვენი სხეულის ნაწილები არარეალურია, ან თითქოს კავშირი გაქვთ დაკარგული საკუთარ იდენტობასთან.
- ემოციების არასწორი აღქმა - აღქმა მაქვს, რომ ჩემი ემოციები არის განსაკუთრებით გაძლიერებული, ან სულაც გამქრალი. განცდა იმის, რომ ეს ემოციები მე არ მეკუთვნის.
- დროის არასწორი აღქმა - შეგრძნება, რომ დრო ძალიან სწრაფად/ძალიან ნელა გადის ან განცდა, რომ გარკვეული მოვლენები წარსულში უკვე მოხდა.
- ფიზიკური შეგრძნების არასწორი აღქმა - განცდა იმისა, რომ თქვენი სხეული არარეალურია. ასევე შესაძლოა თქვენი სხეულის გარკვეულ ნაწილებს განიცდიდეთ უცხოდ, ან არასწორად აღიქვათ. მაგ : სხეულის რომელიმე ორგანო ზედმეტად მძიმეა ან მსუბუქია, დიდი ან პატარაა.
დეპერსონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები
დეპერსონალიზაცია როგორც ფენომენი, შეიძლება არსებობდეს როგორც ცალკეული დაავადების სახით, ასევე წარმოდგენილი იყოს, როგორც სინდრომი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების შემადგენლობაში.
დეპერსონალიზაცია ხშირად იჩენს თავს, როგორც გადაჭარბებული სტრესის/ტრავმის შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა.
ის შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფსიქიკური პრობელმების დროს, როგორებიცაა: ძილის ნაკლებობა, შფოთვითი აშლილობა და პანიკური აშლილობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/დამოკიდებულება.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დეპერსონალიზაცია?
დეპერსონალიზაცია შეიძლება იყოს დროებითი, გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში, ის შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტხანს.
განსხვავება დეპერსონალიზაციას და დერეალიზაციას შორის
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია ხშირად ერთად განიხილება და შეიძლება ერთდროულადაც გამოვლინდეს, თუმცა ისინი განსხვავებული განცდებია.
დეპერსონალიზაციას ახასიათებს საკუთარი თავისგან განცალკევების გრძნობა, თითქოს ვერ აკონტროლებ შენს სხეულს ან ქმედებებს.
ამის საპირისპიროდ, დერეალიზაცია გულისხმობს გარემომცველი სამყაროსგან განცალკევების განცდას, რომ თითქოს ის არარეალურია, ან სიზმარს ჰგავს.
გარკვეულ სიტუაციბში, შეიძლება ორივე მათგანი ერთდროულად შეგვხვდეს.
ძირითადი განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ დეპერსონალიზაცია ხასიათდება საკუთარი თავის არასწორად აღქმით, ხოლო დერეალიზაცია - გარემოს.
როდის მივმართოთ სპეციალისტს
თუკი ხშირად განიცდით დეპერსონალიზაციის ეპიზოდებს, ან ეს ეპიზოდები დროში გახანგრძლივებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელისშემშლელია, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
დახმარების ძებნა გადამწყვეტი ნაბიჯია გამოჯანმრთელების გზაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალი, პირველ რიგში, დაგეხმარებათ სწორ დიაგნოსტირებაში და მკურნალობის გეგმის შედგენაში.
მკურნალობის გეგმა ინდივიდუალური შეფასებით განისაზღვრება. ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს ადამიანს სიმპტომებთან გამკლავებაში. თანმხლები დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება მედიკამენტიც დანიშნოს; ეს არ ნიშნავს, რომ დეპერსონალიზაციისთვის კონკრეტული მედიკამენტის ეფექტიანობა დადასტურებულია.
წყაროები
Merck Manual Professional — Depersonalization/Derealization Disorder
