გაგიჟების შიში
გაგიჟების შიში
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში შეიძლება ძლიერი შფოთვის ან პანიკური შეტევის დროს გაჩნდეს და გულისცემის აჩქარებას, სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას ახლდეს. ეს შიში თავისთავად დიაგნოზს არ ადგენს. თუ განცდები მეორდება ან ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს, სპეციალისტის შეფასება დაგეხმარებათ მიზეზებისა და დახმარების გზების გარკვევაში.
რა არის გაგიჟების შიში?
ტერმინი „გაგიჟება“ არ წარმოადგენს სამეცნიერო ტერმინოლოგიას. ეს ტერმინი საზოგადოებაშია დამკვიდრებული, რომელშიც იგულისხმება პიროვნების უცნაური ქცევა, ბოდვა ან/და დიალოგი ჰალუცინაციასთან. გაგიჟების შიში სწორედ გააზრებულობასა და რაციონალურობის დაკარგვასთან ასოცირდება, რაც იწვევს შფოთვას და შიშს.
გაგიჟების შიშის დროს პიროვნებას აქვს ფიქრები, რომ ის გიჟდება ან შესაძლოა გაგიჟდეს. შიშის საფუძველზე პიროვნებას ურთულდება სოციალური ურთიერთობები, მძაფრდება ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ის დათრგუნულია, დაძაბულია, მატულობს ზოგადი შფოთვის დონე, შიში გავლენას ახდენს თვითშეფასებასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.
საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიშს შეიძლება შფოთვის ფიზიკური ნიშნები ახლდეს, მაგალითად გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, კანკალი, ოფლიანობა ან თავბრუსხვევა. ეს განცდა თავისთავად კონკრეტულ დიაგნოზს არ ადგენს. შეფასებისას სპეციალისტი ითვალისწინებს თანმხლებ სიმპტომებს, მათ ხანგრძლივობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას.
სიმპტომები და მახასიათებლები:
ფსიქოლოგიური სიმპტომები:
შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზური აშლილობის განვითარების შიში;
საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის განცდა და შიში;
ირაციონალური შიში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ;
გონებრივი სიცხადის დაკარგვის შიში;
პიროვნება განიცდის მნიშვნელოვან დისტრესს, რომელიც გამოწვეულია განრიდებით და შფოთვით. ამ დროს შფოთვა გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა;
შიში იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს ან აზიანებს სოციალურ ან პროფესიულ ფუნქციონირებას;
შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან დაკავშირებული შფოთვა;
დემენციის მოლოდინის შიში;
ფიზიკური სიმპტომები:
აჩქარებული პულსი
თავბრუსხვევა
ოფლიანობა
კუნთური დაძაბულობა
გახშირებული სუნთქვა
სისუსტის შეგრძნება
კონცენტრაციის სირთულე
საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ფსიქოზური აშლილობა აქვს. თუ ეს განცდა მეორდება ან ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს, სპეციალისტის შეფასება დაგეხმარებათ მიზეზის გარკვევაში.
სხვა სიტყვებით:
შიში თავისთავად დიაგნოზი არ არის; შეფასება ეფუძნება სიმპტომების ერთობლიობას და მათ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
რა არის გაგიჟების შიშის მიზეზი?
გაგიჟების შიშთან დაკავშირებული გარემოებები შეიძლება განსხვავდებოდეს. ქვემოთ განხილულია რამდენიმე შესაძლო კავშირი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი შიში: ზოგჯერ ადამიანები შინაგანად შფოთავენ, რომ შეიძლება კონტროლი დაკარგონ ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა განუვითარდეთ.
ტრავმული გამოცდილება: წარსულში გადატანილი სტრესული სიტუაციები ან ოჯახში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობა შეიძლება ამ შიშს უკავშირდებოდეს.
მაღალი სტრესი და შფოთვა: დაძაბული ცხოვრების პირობებში ადამიანებს ხშირად უჩნდებათ შიში იმისა, რომ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებიან.
გაგიჟების შიში, ხშირ შემთხვევაში, აღმოცენდება ძლიერ სტრესის შემდეგ, როდესაც ადამიანს გაუჩნდება აზრი, რომ შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ აზრებზე, ქმედებაზე, განცდებზე და ა.შ.
ხშირად გაგიჟების შიში დაკავშირებული ისეთ ფსიქიკურ დარღვევებთან როგორიცაა: პანიკური აშლილობა; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD); პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
მკურნალობა:
დახმარების გეგმა ეფუძნება შეფასებით გამოვლენილ მდგომარეობას, სიმპტომების სიმძიმესა და ადამიანის საჭიროებებსა და არჩევანს. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას ან ორივეს. საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტი თანამშრომლობს; ყველა ადამიანისთვის ორივე სპეციალისტის ერთდროული ჩართულობა აუცილებელი არ არის. [1, 2, 3]
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) შეიძლება დაეხმაროს ადამიანს შფოთვასთან დაკავშირებული აზრების, განცდებისა და ქცევის ამოცნობასა და შეცვლაში. სამუშაო მოიცავს შიშის გამომწვევი აზრების უფრო რეალისტურად შეფასებას და შფოთვაზე განსხვავებული რეაგირების სწავლას; მიზანი მხოლოდ „პოზიტიურად ფიქრი“ არ არის. მიდგომა კონკრეტულ მდგომარეობასა და ადამიანის საჭიროებებს ერგება. [1, 2]
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია გაგიჟების შიში დროს შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ცალკე ასევე კომბინაციაში მედიკამენტურ მკურნალობასთან.
[1] National Institute of Mental Health. Panic Disorder: What You Need to Know. Revised 2025.
